Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 ქართული ხალხური საკრავები

დიპლიპიტო

დიპლიპიტო, დასარტყმელი საკრავი, შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. ქილები ერთმანეთთან თასმითაა გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, დიამეტრი პატარისა — 90 მმ, დიდის — 170 მმ. ქილები გარედან ნაირფერადაა მოხატული. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოპხით "თხის ფეხუნებით". თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის გადაჭიმვა უნდათ, ქილებს მაყალზე ათმობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში პირველად შეიტანა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა ("კავკასიურ ესკიზებში", 1894), შემდეგ დიპლიპიტო ოპერებში გამოიყენეს დ. არაყიშვილმა ("თქმულება შოთა რუსთაველზე"), ს. ვასილენკომ ("მშვენიერი იოსები"), რ. გლინერმა ("შაჰსენემი") და სხვა.

 

 

 

 

 

ბუზიკა
ხალხში გავრცელებული საკრავების განხილვისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ე.წ. ბუზიკას (მცირე ზომის გარმონი), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განსაკუთრებით ქართველ მთიელთა შორის. მას საქართველოს ბარშიც იყენებენ. ბუზიკა უპირატესად ქალების კუთვნილი საკრავია და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად მას ნიშნობის დროს მიართმევენ ხოლმე საპატარძლოს. სხვათა შორის, ეს წესი საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. ბუზიკის გამოყენების არე საკმაოდ ფართოა. იგი სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებსა, თუ მეჯლისებზე ჟღერდა, რის გამოც, მისი რეპერტუარი სასიმღერო და საცეკვაო მელოდიებისაგან შედგება. ბუზიკას სოლო საკრავის სახით იყენებდნენ, მაგრმ ზოგჯერ ანსამბლშიც მონაწილეობს. იგი განსაკუთრებით ხშირად იხმარება დაირასა, დიპლიპიტოსა და ფანდურთან ერთად.
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩანგი
ჩანგი, იგივე ქნარი, უძველესი მოსაზიდი სიმებიანი საკრავია. გავრცელებული ყოფილა მთელ საქართველოში, დღეისათვის კი მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი. სვანური ჩანგი ექვს და შვიდსიმიანია, თუმცა არსებულა ცხრასიმიანიც. ძირითადად გამოიყენება სიმღერის თანხლებისათვის – ცალკე ან ჭუნირთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ფოლკლორულ ყოფაში ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში თანაარსებობისა. ჩანგზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. ექვსსიმიანი ჩანგის დიაპაზონია სექსტა; ბგერათრიგი: f, g, a, h, c1, d1. შვიდსიმიანი ჩანგის დიაპაზონია სეპტიმა; ბგერათრიგი: f, g, a, h, c1, d1, e1.
ჩანგი დღესდღეობით შემორჩენილია საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში  სვანეთში.  ჩანგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსისა და დამხმარე ნაწილებისაგან, რომელთაც შეადგენენ ღილაკები და მოქლონები. საყურადღებოა ის პროპორციები, რასაც იცავენ ჩანგის მკეთებელი ოსტატები საკრავის დამზადების დროს. კორპუსი შედგება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაწილებისაგან. ჰორიზონტალური ნაწილი რეზონატორი გრძელი ამოღრუებული ხისგან კეთდება და ნახევარცილინდრის ფორმა აქვს. მასზე დაკრულია დაახლოებით 4მმ სისქის თავფიცარი, რომელიც შუა ადგილას ოდნავ ამობურცულია. მასზე გაკეთებულია 6 ნახვრეტი ღილაკებისათვის, რომლებზეც სიმების ერთი ბოლოა მიმაგრებული, და რომლებიც რეზონატორის კიდეებისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. ვერტიკალური ნაწილი სწორი და ბრტყელია. მასზე გაკეთებულია ნაზვრეტები მოქლონებისათვის. ვერტიკალური ნაწილის ბოლო ჩასმულია ჰორიზონტალურში. მათი შეერთეებით იქმნება მართი კუთხე. ორივე ნაწილზე სიმების პარალელურად მიმაგრებულია ხის პატარა ჯოხი. სიმების რაოდენობა ექვსი ან შვიდია.
ჩანგს ამზადებენ ძირითადად წიწვიანი ხის ჯიშებისაგან. უფრო ხშირად გამოიყენება ნაძვი, აგრეთვე ფიჭვი, უფრო იშვიათად სოჭი. ჩანგზე უფრო მეტად ქალები უკრავენ. ჩანგი, უპირველეს ყოვლისა, სააკომპანემენტო საკრავია. ჩანგის თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები. სოლო ჰანგები ჩანგზე წარმოადგენენ სვანურ ხალხურ საფერხულო სიმღერების ტრანსკრიპციას და არა წმინდა ინსტრუმენტულ მელოდიებს. როგორც აკომპანირებისას, ისევე სოლო ჰანგების შესრულებისას გამოიყენება მხოლოდ ერთი ჩანგი, ორი ან მეტი ჩანგის გაერთიანება ანსამბლად სვანეთის სინამდვილეში არ დასტურდება. მაგრამ ჩანგისა და ჭუნირის ანსამბლად გაერთიანება ხშირია. სხვაგვარ ანსამბლში ჩანგი არ გვხვდება. ჩანგი სვანეთში მეტად პოპულარული საკრავია. ჩანგს «მწუხარების» საკრავად თვლიან. ერთ-ერთი მთხრობელის სიტყვით, ჩანგზე უკრავდნენ მწუხარების შესამსუბუქებლად. ჩანგის მწუხარების საკრავად აღიარებასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თქმულება ჩანგის შესახებ. ეს გადმოცემა ჩანგის გამოგონებას მიაწერს ვინმე მოხუცს, რომელსაც შვილი დაეღუპა. ჩანგის ტანი ახალგაზრდის მკლავია, სიმები – მისი თმები, ხოლო ჩანგის ნაღვლიანი ხმა – მწუხარე მამის ცრემლები. სვანურად ჩანგს «შიმეკვშე»-საც ეძახიან, რაც ნიშნავს «მოტეხილ ხელს». ეს სახელწოდება  აღნიშნულ გადმოცემას უნდა უკავშირდებოდეს. სვანური ჩანგის სახით შემონახულია უძველესი სიმებიანი საკრავი. იგი აღიარებულია უძველეს სიმებიან საკრავად, რომლის არსებობაც დასტურდება ძვ. წ. IV ათასწლეულიდან. განსაკუთრებით საინტერესოა ქართველთა წინაპრების მონათესავე წინა აზიის ხალხების – შუმერების (და მათი მემკვიდრეების) ანალოგიური საკრავები. ის ფაქტი,  რომ სვანური ჩანგი არა მარტო ანალოგიას პოულობს შუმერულ არფასთან, არამედ ემთხვევა მას, საყურადღებოა ამ ხალხების მონათესაობის დამადასტურებელ სხვა მონაცემებთან ერთად. არფის წარმოშობის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი მშვილდისაგან არის წარმოშობილი. მშვილდი ერთი რომელიმე ხალხის საკუთრება არ ყოფილა, ამდენად არფა მისგან წარმოიშვა სხვადასხვა ხალხებში დამოუკიდებლად. არფის ტიპის საკრავები გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ეგვიპტეში, შუმერეთში, ბაბილონში, ირანში, ჩინეთში, საბერძნეთში. 

 
 
 
 
 
 
 
 
დაირა
დაირა — დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მილიმეტრია, დიამეტრი — 350-490 მმ, სისქე კი — 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა ერთ-ერთი უძველესი საკრავია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფანდური
 
ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები-საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან.
ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა და ზედა დეკისაგან, ტარი – თავისა  და ყელისაგან;  დამხმარე ნაწილებია მოქლონები, ხარაკი, საქცევები, ჯორა და ღილი. ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი (სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი – ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე  წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს-ნაკლები. ტარის თავი ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, მაგრამ ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. მთხრობელთა გადმოცემით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა აგრეთვე ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში «კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა», ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ. ძალიან ხშირად საგანგებოდ აკეთებდნენ ფანდურებს საჩუქებად. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული კედელზე. ადვილად შეამჩნევდით, რომ ღრუბლიან ამინდში სიმები სუსტ და დახშულ ხმას გამოსცემენ. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა – ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. კახეთში ფანდურის თანხლებით “იავნანა”    სრულდებოდა «ბატონებიან» ავადმყოფთან. როგორც წესი, ეს საგალობელი,  ინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება; ფანდური გაცილებით გვიანდელ დანართს უნდა წარმოადგეგდეს ამ წეს-ჩვეულებაში. მაგრამ თავისთავად ფანდურის გამოყენება «ბატონების» კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით «ლხინი გატეხილი იყო». გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა.  
როცა ხატში რაიმე დღეობა იქნებოდა, სადაც აუცილებელი იყო მხიარულება და სიმღერა, ან სოფელში რომელიმე ოჯახს უნდა ქორწილი გადაეხადა, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა ქორწილს, მაშინ თვითონ ჭირისუფალი "გატეხდა ფანდურს": ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე "გატყდებოდა ფანდური" სოფლელთათვის, ახლობლები კი "გვლოვას" განაგრძნობდნენ.  
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჭუნირი
ჭუნირი სამსიმიანი ხემიანი საკრავია, გავრცელებულია სვანეთში. ჭუნირი იგივე ჭიანურია, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. დღესდღეობით კი მხოლოდ სვანურ და რაჭულ ყოფას შემორჩა. საკრავის კორპუსი წრიულად შეკრული ყავარისგან მზადდება, რომელზეც ცალი მხრიდან ტყავია გადაჭიმული; ხემისა და სიმებისათვის კი ცხენის ძუა გამოიყენება. ჭუნირი // ჭიანური სიმღერის სააკომპანემენტო საკრავია – ცალკე ან რომელიმე დასარტყამ საკრავთან ერთად; სვანეთში ჭუნირი ჩანგთან ერთადაც ხშირად გამოიყენება. ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ ყოფაშჳ ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში გაერთიანებისა. წმინდა ინსტრუმენტული მუსიკა მხოლოდ საცეკვაო ჰანგების სახითაა დაფიქსირებული; თუმცა, ძველად ყოფაში ჭუნირს (ჭიანურს)მიცვალებულის სულთან დაკავშირებული მისტიკურ-რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია. ჭუნირზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. მისი წყობა, ფანდურის მსგავსად, სეკუნდურ-ტერციულია: g, a, c1.
 
 
 
 

 

 

 

 

   

 

დოლი
ქართული დასარტყამი საკრავები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან დაფი ანუ დაირა, დაფდაფი ანუ დოლი, ნაღარა, ტაბლაკი, დიპლიპიტო, წინწილა და სხვ. რამდენადაც აღნიშნულ სახელწოდებათაგან ზოგი უცხოურია, ხოლო ზოგი კი ქართული, საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნულ საკრავთა ცალ-ცალკე განხილვა და მათი სახელწოდებების დადგენა. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში.  დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი.  დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი – მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტე-ს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანო-ს დროს – დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.   
 
 
 
 
 
 
 
 
 
გუდასტვირი
გუდასტვირი, ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლული და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშავური სტვირგუდა. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან — ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. დედნები მზადდება დუდგულის ან ჭერმის ხისაგან. მასზე ამოჭრილია თვლები, თავში ჩასმული აქვს წივილები. მარჟვნივ დედანს „მთქმელი“ ეწოდება, მარცხენას — „ბანი“. თვლების რაოდენობა დამოკიდებულია გუდასტვირის სახეობაზე, მაგ. ქართლური და რაჭული გუდასტვირების „მთქმელზე“ ამოჭრილია 6, „ბანზე“ კი 3 თვალი. აჭარულ ჭიბონზე 5 და 3, მესხურზე — 5 და 5, ფშავურ სტვირგუდაზე — 3 და 1. წივილებს ლერწმისაგან თლიან. ისინი გამოსცემენ საკრავის ხმას. სახალხო დღესასწაულებზე გუდასტვირის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჭიბონი
ჭიბონი, გუდასტვირის მსგავსად, ჩასაბერ საკრავთა შორის ყვალაზე რთული და განვითარებული საკრავია, გავრცელებულია აჭარაში. აგებულებით იდენტური საკრავები – ჭიბონი, გუდასტვირი და თულუმი – ძირითადად ბგერათრიგით, დიაპაზონითა და ტემბრით განსხვავდება. ჭიბონი შედგება გუდისა და ორლულიანი სტვირისაგან, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის ხვრელებია ამოჭრილი: ერთი მელოდიას უკრავს, მეორე კი ბანს აძლევს. ბანის მილი 2-3 ბგერას გამოსცემს. ჭიბონი სააკომპანემენტო საკრავია. მასზე, სრულდება საცეკვაო მელოდიები, ხშირად – დოლთან ერთად. ჭიბონი სააკომპანემენტო საკრავია, მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ; მეტწილად ცეკვის თანხლებისთვის იყენებენ, თუმცა არსებობს სიმღერებიც ჭიბონის თანხლებით (შაირები და სხვა). გუდასტვირისაგან განსხვავებით, შესრულების განსაკუთრებული ტექნიკით, ორხმიან ჭიბონზე რეალური სამხმიანობა მიიღწევა. საკრავის ბგერათრიგია: es, f, g, as, b, c1.
 
 
 
 
 
 
 
 
 
სალამური
სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური ძეგლებითაც. როგორც ცნობილია, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულმა მასალებმა, საქართველოს ისტორიის მრავალ საკითხს მოჰფინა ნათელი, მათ შორის, ქართველი ხალხის მუსიკალურ წარსულს. მცხეთაში მოპოვებულ  ექსპონატებს შორის ყურადღებას იპყრობს ქართული მუსიკალური კულტურისათვის მეტად საინტერესო ნივთი, სახელდობრ, ძვლის უენო სალამური, რომელიც 1938 წელს იქნა აღმოჩენილი სამთავროს სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე. სპეციალისტ-ორნიტოლოგის, ივ. ჩხიკვიშვილის აზრით, სალამურის დასამზადებლად გედის ლულოვანი ძვალია გამოყენებული. სალამურს თავბოლო სწორად აქვს წაკვეთილი, იგი უენოა და მხოლოდ სამი მცირე ნახვრეტი აქვს ერთ მხარეს. საკრავის ზედაპირი საგულდაგულოდაა გაპრიალებული. მისი სიგრძე 19,9 სმ-ს უდრის, ჩასაბერი პირის დიამეტრი-1,1 სმ, ძირის დიამეტრი კი 1,8 სმ-ია. ძვლის სალამური საფლავში ჰქონდა ჩატანებული 14-15 წლის ბიჭს, რომლისთვისაც ჭირისუფალს ბევრი სხვა ნივთიც ჩაუტანებია, მათ შორის, შავპრიალა თიხის ჭურჭელი, იარაღი, ტანსაცმელი, ავგაროზი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ამას გარდა, სამარხში აღმოჩნდა ცხვრის ძვლები და ხარის თავ-ფეხის ძვლები. სწორედ ამ გარემოების გამო (ე.ი. ბიჭის ნეშტთან ერთად სამარხში სალამურისა და შინაური საქონლის ძვლების აღმოჩენის გამო) ექსპედიციის ხელმძღვანელმა ივ. ჯავახიშვილმა «პატარა მწყემსის საფლავი» უწოდა. სამარხის ინვენტარის შესწავლა საშუალებას გვაძლევს იგი არა უგვიანეს ძველი წელთაღრიცხვის XII-XI საუკუნეებს მივაკუთვნოთ, ხოლო თუ აღწერილი სალამურის ტექნოლოგიის მაღალ დონეს გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკრავი ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნეზე გაცილებით ადრე ყოფილა გავრცელებული საქართველოში. ასევე იყო აღმოჩენილი ძვლის სალამური უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში, ღვთაება მზექალისადმი შეწირულ ნივთებს შორის. სალამურის არსებობა მზექალთან დაკავშირებულ საწესო საგანთა შორის მოწმობს იმას, რომ სალამური უძველესი ხანიდან წარმოადგენდა მწყემსის ატრიბუტს. ამაზე მიუთითებს აგრეთვე თქმულებები სალამურის შესახებ.
ამჟამად ეს სალამური ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. მკვლევარებმა ის ერთხელ უკვე ააჟღერეს და გამოაცემინეს მხოლოდ ოთხი ბგერა. რაც აბსოლიტურად საკმარისად ჩათვალეს. ეს გასაგებიც იყო, რადგან მეტს არავინ ელოდა. აღსანიშნავია რომ მკვლევარებს იმ ოთხი ბგერისთვისაც არ მიუქცევიათ სათანადო ყურადღება. ეს არის აბსოლიტურად ჩამოყალიბებული და გამართული ტეტრაქორდი, რომელიც თითქმის ათასწლეულებით უსწრებს წინ ბერძნული ტეტრაქორდების ჩამოყალიბებას. მაგრამ აღნიშნული სალამური გაცილებით მეტ საიდუმლოებას იტევს. აღმოჩნდა, რომ მასზე შესაძლებელი ყოფილა ათი ბგერის გამოცემა არა გადაბერვის პრინციპით, არამედ საკრავის სხვადასხვა მიმართულებით დახრის შედეგად მიიღება შვიდი განსხვავებული ტეტრაქორდი, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ბგერათ სისტემას.
დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა და დიაპაზონით.  უენო სალამური წარმოადგენს გრძელ მილს, დაახლოებით 380-400 მმ სიგრძისას, რომელზეც 7-8 თვალი კეთდება. ზოგჯერ თვალი კეთდება მეორე მხარეზეც, საკრავის თავი ოდნავ წაწვეტებულია, თუ საკრავი ხისაა, აჭრელებენ. უენო სალამურის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში. ცოტა ძლიერი ჩაბერვით სალამურის დიაპაზონი იზრდება.  უენო სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი). ენიანი სალამური კი 230-260 მმ სიგრძის მილს წარმოადგენს. თავი წაკვეთილია. გაკეთებულია 5 ან, უფრო ხშირად 6-8 თვალი. ერთი თვალი უკეთდება უკანა მხრიდან ზედა 1-2 თვალს შუა. ენა წარმოადგენს ლერწმის მოკლე საცობს (12-15მმ), რომელიც ჩასმულია სალამურში (მილში). უენო სალამური უფრო ხშირად ჭერმის, ან დუდგულის ხისგან მზადდება, ენიან სალამურს კი ლერწმისაგან ან ლელისაგან ამზადებენ. უენო სალამური ენიან სალამურზე გრძელია და მასიური. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია: მას უფრო მდიდარი ბგერა, დიდი დიაპაზონი და ნიუანსირების მეტი უნარი აქვს. ენიანი სალამურის დამზადება გაცილებით რთულია და ოსტატის გამოცდილ ხელს მოითხოვს. ლერწმის პროპორციულად განვითარებული ლულოვანი ღერო ფრთხილად უნდა მოიჭრას, თავიდან ბოლომდე გაიხვრიტოს და როგორც ღრუ, ისე ზედა პირი სათანადოდ დამუშავდეს. სალამურის დასამზადებლად გამოსადეგი ღერო, «შვეტი» (ხალხური გამოთქმაა, სწორს თანაბარზომიერად განვითარებულს ნიშნავს) უნდა იყოს. შემდეგ ღერო თავთან გეზად აიჭრება, ღეროს აჭრილ ნაწილთან – სასტვენელთან სალამურის ენას ჩასვამენ. ზედაპირზე ენა ოდნავ ათლილია. მხოლოდ ამ ნაწილით უნდა გაატაროს მან ჰაერი, სხვა ნაწილით კი მთლიანად დაგმანოს სასტვენის ყელი. ეს უკანასკნელი ბოლოში სულსაქცევის თაღისებური პატარა «კილოთი» თავდება. «კილოსა» და ენის ანაჭერის გასწვრივ ხაზზე უნდა ამოიჭრას ექვსი მრგვალი თვალი. ეს თვლები ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით (2 სმ.) უნდა ამოიჭრას. ამრიგად ენიან სალამურს სულ 8 თვალი გააჩნია.
რით განსხვავდება ენიანი სალამური უენოსაგან? მისი სიგრძე 380-400მმ-ია, გარშემოწერილობა კი 6 სმ-ს უდრის, მუქი წაბლისფერია, შიდა მხარე თავიდან ბოლომდე ლულოვანია. სალამურის თავი ოდნავ დავიწროებულია, რათა მოსახერხებელი იყოს ჩასაბერად. სალამურის სულის საბრუნებელი არე «თვლებით» არის დასამღრული. ისინი ერთ ხაზზეა ამოკვეთილი პირველი თვალი მე-13 სმ-ზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ექვსი თანაბარი მანძილით, 3-სმ-ით არის ერთმანეთს დაშორებული. სალამურის სიდიდეს ადრე თურმე ციდით, გოჯით, ანუ თითის დადებით საზღვრავდნენ. დაწესებული ყოფილა შემდეგი ზომები: ყელი (თავიდან პირველ თვლამდე) – კაცის ერთი ციდა; წინა თვლების მხარე -1 ციდა; ბოლო, ანუ ქვედა მხარე – სამი თითის დადება. ამრიგად, სალამური შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: თავი, ანუ ყელის ნაწილი; შუა ტანი, ანუ თვლების ნაწილი და ბოლო. თითოეული მათგანი დადგენილ ზომებს ექვემდებარება და განსაზღვრულ ურთიერთმიმართებაშია. რაც უფრო ახლოა თვალი თავთან (ყელთან) მოთავსებული, მით უფრო წვრილ ხმას გამოსცემს; წვრილ მაღალ ხმას პირველი თვალი გამოსცემს, მომდევნო უფრო დაბალს და ა.შ. სალამურზე შემსრულებლად გვევლინებიან მხოლოდ მამაკაცები. სალამური, განსაკუთრებით უენო, მწყემსების აუცილებელ ნივთს წარმოადგენს. დღედღეობით, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებულია ენიანი სალამური. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. უენო სალამურზე მხოლოდ მწყემსური მელოდიები სრულდება. სალამური დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან. ამითაა გამოწვეული, რომ სალამურის რეპერტუარი თითქმის მთლიანად მწყემსური მელოდიებით ამოიწურება. ზოგჯერ ის დოლთან ერთადაც გამოიყენება. საერთოდ, ენიანი სალამური უფრო გვიან არის გაჩენილი. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ სალამურის ძირითადი დანიშნულება – მწყემსურ ყოფასთან კავშირი (რაც უძველესი დროიდან მომდინარეობს), სწორედ უენო სალამურს შემორჩა დღემდე. სალამური ყველაზე გავრცელებული ხალხური მუსიკალური ინსტრუნტი ყოფილა საქართველოში, ამას გვიდასტურებს როგორც ხალხში შემორჩენილი ლეგენდები თუ გადმოცემები, ისე კლასიკური ლიტერატურის ძეგლები. ხალხის რწმენით, სალამურის წარმოშობის მიზეზი ადამიანის ჭირ-ვარამი ყოფილა, ობლის საფლავზე ამოსულა პირველი ლერწამი, ქარს დაუბერავს და გულისმომკვლელ ხმაზე ამოუკვნესია ბედკრულის გულზე ამოსულ მცენარეს. სალამური მშრომელი ადამიანის განუყრელი თანამგზავრი და მეგობარი ყოფილა, მისი ჭირის მოზიარე და ლხინის დამატკბობელი. ხალხის რწმენით სალამურის მოსპობა არავითარ ძალას არ შეუძლია: ცეცხლიც კი ვერაფერს აკლებს თურმე სალამურს. მის ფერფლში მშობლის სახე ისახება და ნატეხები ისევ გამოსცემენ საამო ჰანგსო. სალამურის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ დაკარგული ბავშვის მოძებნა და გამოცნობაც ამ საკრავს აქვს დაკისრებული ქართულ ფოლკლორში. ზოგიერთი თქმულების მიხედვით, სალამური ადამიანს ღვთაებისაგან მიუღია. ამიტომ იგი ღვთაებრივ საკრავად არის მიჩნეული. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ადამიანს სალამური მთავარანგელოზების სასწაულმოქმედი საკრავის მიმსგავსებით შეუქმნია. გადმოცემათა ნაწილი ამ წყალობას ზღაპრულ ხარს – წიქარას მიაწერს. ქართულ ყოფაში სალამური გამოიყენება ჭირშიც და ლხინშიც. აქედან გამომდინარეობს ხალხში გავრცელებული ტერმინები: «საჭირო» და «სალხინო». «სალხინო» ადამიანს სიხარულს ანიჭებს, ცხოველებს ათვინიერებს, ფრინველებს გალობას აწყებინებს. «საჭირო» კი გლოვის, მწუხარების ჰანგს გადმოსცემს, ადამიანს დარდს უმსუბუქებს, ახლომახლო მყოფთ მის დასახმარებლად მოუწოდებს. ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით, «საჭირო» სალამურს ბალახის ატირებაც კი შეუძლია. საინტერესოა სალამურის დამკვრელთა აზრი ორივე საკრავის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ. მუსიკალურობის მხრივ, დიდი განსხვავებაა ენიანსა და უენო სალამურებს შორის: «ენიან სალამურს ყველაფერს ვათქმევინებთ, რასაც მოვინდომებთ: ბაიათს, საცეკვაოს და ა. შ. უენო სალამურის შესაძლებლობა კი შეზღუდულია. უენო უპირატესად მწყემსის საკრავია, მასზე სათამაშო მელოდიის და ბაიათის შესრულება არ ხერხდება. მწყემსი ცხვარს რომ მიდენის სალამურს უკრავს. ამას «აქლემის ყელის დაკვრა» ეწოდება. ცხვრის დაბინავებისას სხვა მელოდიას უკრავს – ამას «დაბინავების» დაკვრა ჰქვია.
სალამურის გაკეთებისას ითვალისწინებდნენ, თუ რომელ ინსტრუმენტთან ერთად აპირებდნენ მის დაკვრას. ამის მიხედვით ადგენდნენ ტონალობას. ხელოსანს ორგვარი სალამურის დამზადება შეუძლია: I და II ხმისა. ბანის სალამურსაც აკეთებენ. სალამურს დოლთან ერთად უკრავდნენ და ბანზე ცეკვავდნენო – ამბობს მთხრობელი- "თუ დამკვრელი სალამურს დაბალ ხმაზე უკრავს, იტყვიან: ბოხზე უკრავსო, თუ მაღალზე, – იტყვიან: სტვენზე, ანუ სტვინზე უკრავსო". თუ ძველად სალამურს საწესჩვეულებო დანიშნულებისათვის   იყენებდნენ (ხალხის რწმენით, სალამურს მავნე სულებისა და ქვეწარმავლების მოსპობაც კი შეეძლო), დღეს ამ საკრავმა მტკიცედ დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლში. ტემპერამენტიან ქართულ ცეკვებთან ერთად მოიარა მსოფლიო და მოჰფინა მას იბერიული ლერწმის კეთილშობილური გრძნობა.
სალამურზე სულ რომ გვიფარია თითები, ჩუმი ჩაბერვით ვიღებთ I ოქტავის დო-ს. ჩაბერვისას ვიძახით ბგერას ”თ”-ს. თუ ავაცილებთ ქვედა ერთ თითს მთლიანად, მივიღებთ ბგერა რე-ს, ხოლო თუ ნახევრად ავწევთ თითს დო-ზე ვიღებთ დო. რე-დან თუ ავწევთ ერთ თითს ვიღებთ მი, ხოლო თუ მი ავწევთ ნახევრად მივიღებთ მი. შემდეგ მთლიანად აწევისას ფა, ხოლო ფა-ს თუ ავწევთ ნახევრად ფა. შემდეგ სოლ, ნახევრად სოლ. შემდეგი თითის აწევით ვიღებთ ლა-ს, ლა-ს შემდეგ თითის მთლიანად აწევით ვიღებთ სი-ს, ხოლო ნახევრად სი-ს. შემდეგ ყველა თითს ვაფარებთ და ძლიერი ენის დარტყმით ვიღებთ მეორე ოქტავის დო-ს. II ოქტავის ბგერებს ვიღებთ იგივე თითების დაფარებით და უფრო ძლიერი ჩაბერვით.
 
ჩონგური
ჩონგური გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში). სხვადასხვა კუთხის ჩონგურები გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ჩონგური ძირითადად წარმოადგენს სააკომპანემენტო საკრავს. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერებიც, მაგრამ ტრადიციულ რეპერტუარს ერთხმიანი სახუმარო და სატრფიალო სიმღერები შეადგენს. ჩონგურისა და დოლის გაერთიანება ანსამბლად განსაკუთრებით ხშირია აჭარაში. ამ შემთხვევაში ანსამბლში მონაწილეობს ერთი ჩონგური და ერთი დოლი. ერთზე მეტი ჩონგური ერთდროულად არ გამოიყენება. ჩონგურის აკომპანემენტით ასრულებდნენ ქალები სიმღერებს კოლექტიური შრომის დროს. ქალების "ნადი" იკრიბებოდა ღამით, როდესაც ქალები ოჯახურ საქმეს მორჩებოდნენ. მათი სამუშაო იყო მატყლის დაჩეჩა, შესტვა, მოტოლვა, მოძახვა, ბამბის დაჩიხრიხება, მისი ძაფად ქცევა, ბუმბულის დაკეკვა და სხვ. ჩონგურზე და ფანდურზე უფრო ქალები უკრავდნენ, რაც მათ უფრო შვენოდათ კიდეც. კარგად იცოდნენ ამ საკრავების გამოყენება ადგილისა, დროისა და ვითარების შესაბამისად. ამ საკრავს დღესაც ჰყავს თავისი ქომაგნი.  ჩონგური წარმოადგენდა ოჯახის აუცილებელ ნივთს. იგი ინახებოდა კედელზე ჩამოკიდებული. ჩონგური დგას განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ფანდური. ეს გამოიხატება არა მარტო კონსტრუქციის სრულყოფაში (სარეზონანსო კორპუსის მოცულობა, დახვეწილობა, კედლების სისქე, სიმების მასალა) და ამასთან დაკავშირებით ტემბრის ხარისხთან, არამედ ჰარმონიულ შესაძლებლობათა სიმდიდრესა ("აკორდთა მარაგის" სიმდიდრე) და დაკვრის ხერხებშიც. ჩონგურის საერთო სიგრძეა -978-1156მმ, ჩონგური, ისევე  როგორც ფანდური, შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსისაგან, სახელურისა(ტარი) და დამხმარე ნაწილებისაგან. კორპუსი შედგება მუცლისა  და ზედა დეკისაგან, ტარი-თავისა და ყელისაგან, დამხმარე ნაწილებია მოქლონები, ხარაკი(6), ჯორა, ღილი. მუცელი შედგება 7-8 ერთმანეთზე მიწებებული 2-3მმ სისქის  თუთის ტკეჩისაგან. განაპირა ტკეჩებზე გაკეთებულია 3-5მმ დიამეტრის 6 სახმო ნახვრეტი. მუცელი დაკრულია 2-3მმ სისქის ფირფიტაზე. ზედა დეკა(2) შედგება სამი ერთმანეთზე მიწებებული ნაწილისაგან. ძირითადი (შუა) ნაწილი გაკეთებულია ნაძვისაგან; მასზე ორივე მხრიდან მიკრულია ნახევარმთვარის ფორმის თითო ფირფიტა, რომელიც დამზადებულია თუთის ხისგან. კორპუსის სიღრმეა 160-170მმ. ტარი გაკეთებულია კაკლის ხისგან. თავზე გაკეთებულია სამი ნახვრეტი მოქლონებისათვის და ერთი-თასმისათვის, რომლითაც ინსტრუმენტს ჰკიდებენ. ყელი ზემოდან ბრტყელია და ქვემოდან მრგვალი. მასზე გაკეთებულია ერთი ნახვრეტი, რომელშიც ჩასმულია ზილის სიმის დამჭერი მოქლონი. სახელურსა და კორპუსს შორის მდებარე შემაერთებელი ნაწილის ქვედა ნაწილი 7 პატარა ტკეჩისგან შედგება, რომლებიც იმავე მასალისგანაა გაკეთებული, რისგანაც მუცლის ტკეჩები.   ჩონგურს ოთხი სიმი აქვს. მეოთხე ანუ "ზილის" სიმი დაახლოებით 1/3-ით მოკლეა. გრძელი სიმები ერთი ბოლოთი მიმაგრებულია საკრავის თავზე განლაგებულ ნახვრეტებში ჩასმულ  მოქლონებზე, ხოლო მეორე ბოლო დანარჩენ სიმებთან ერთად ჩონგურის ბოლოზეა მიმაგრებული. ამასთანავე, "ზილის" სიმი მდებარეობს I და II გრძელ სიმებს შორის, ე.ი. მოკლე სიმი ქვემოდან მეორეა. ჩონგურის სიმები მზადდებოდა აბრეშუმის ძაფისაგან. ძაფს გრეხდნენ, სანთელს უსვამდნენ და სიმად ხმარობდნენ. დღეს აბრეშუმის სიმებიანი ჩონგური თითქმის არსად გვხვდება. ჩონგურს რამდენიმე წყობა აქვს. ამასთანავე, სიმღერების ერთი რიგი სრულდება ერთ წყობაში, მეორე – სხვა წყობაში. ერთი სიმღერა ან ინსტრუმენტული ჰანგი სრულდება თავიდან ბოლომდე ერთ წყობაში. ჩონგურის დიაპაზონი თავსდება მე-3 სიმის მიერ გამოცემული (ყველაზე დაბალი) და ზილის სიმის მიერ გამოცემული (ყველაზე მაღალი) ბგერების ფარგლებში. ამიტომ მისი დიაპაზონი ყველა წყობაში სხვადასხვაა: ოქტავა, სეპტიმა ან ნონა.
ჩონგურის დამზადების ტექნიკა უფრო დახვეწილია და უფრო მაღლა დგას ვიდრე ფანდურისა. ჩონგურს გამოღრუებული კორპუსის ნაცვლად თხელი ფირფიტებისშეწებებით მიღებული კორპუსი აქვს (ხშირად ფანდურსაც). ამის გამო შესაძლებელია კორპუსის კედლების მაქსიმალურად გათხელება, მისი "მოღუნვა" ისე, რომ დიდი სარეზონანსო მოცულობა შექმნას. ეს თავის მხრივ, გავლენას ახდენს საკრავის ტემბრზე. ამას ერთვის სიმებად აბრეშუმის ძაფის მასალის გამოყენება, რაც ნაწლავების სიმებთან შედარებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ტემბრის გაუმჯობესების გზაზე. საუკეთესო მოხელეთა გადმოცემით, საკრავის დასამზადებლად: არჩევენ უკოჟრო, "სუფთა" ხეს, იმ ადგილიდან, სადაც ხშირად უბერავს ქარი. საჩონგურედ უმჯობესია ტოტებშუა მდებარე ხის ნაწილი. ხის მრუდე ტოტებიანი ნაწილი ამ მიზნისათვის უვარგისია. საგანგებოდ მოჭრილ ხის მორს შუაზე გააპობენ, თითოეულს "დედას" უწოდებენ. ორივე გამოსადეგია ჩონგურისათვის. სახლში მოტანილ ამ მასალას მოარიდებენ მზესა და ქარს. მათი შენახვა უმჯობესია სიგრილეში, სადაც უნდა ინახებოდეს 30 დღეს. თუ მასალა კარგად არ გამოშრება, იგი გაიბზარება და შრომა წყალში ჩაცვივდება. "დედა" ასე უნდა დამზადდეს: სატეხით ჯერ გულს ამოუღებენ, ხოწით ამოასუფთავებენ; წინდაწინ მომზადებული აქვთ საგულე, მას წებოთი დაკვრაღა უნდა "დედაზე". ასე რამდენიმე საათი აჩერებენ. შემდეგ ტარზე საქცევებს და უღელს უმაგრებენ, ამას საქცევის უღელი ეწოდება. უღლის ფიცარს სახმოდ შუაში ტეხავენ, მერე ლარების გადასაწყობად ჯორას უკეთებენ. ჯორას "ქედზე" 4 ჭდეს ამოჭრიან, რათა მასში ადვილად ჩაჯდეს ლარი. ჩონგურის გულის ფიცარი ფიჭვის უნდა იყოს, რომ წკრიალა ხმა გაიღოს და ზარივით აგუგუნდეს. ერთი ჩონგურის გაკეთებას 3 დღე სჭირდება. ასეთია აღმოსავლეთ საქართველოში ჩონგურად წოდებული საკრავის დამზადების წესი. დაახლოებით ასევე მზადდება ფანდური. რაც შეეხება დასავლურ ჩონგურს, იგი სხვანაირად კეთდება: აღმოსავლური ჩონგურის ტანი ერთიანი ხისაა, დასავლეთის ჩონგურის ტანი ნაჭრებისაგან, ბჟოლის ხის თხელი შოლტებისაგან შედგება. გვამს ზემოდან დაკრული აქვს "გულის ფიცარი", ხოლო ზემოთ ტარი. ტარი დაყოფილია "საქცევებით". ტარს ბოლოში აქვს სამი საჩხირე, ხოლო ქვემოთ, ტარის დასაწყისთან – ერთი. დანარჩენი ნაწილები: ჯორაკი, ჭდეები და ლარის (აბრეშუმის ძაფი) გამოსაბმელი კინთა ბოლოს უკეთდება, შემდეგ აებმის ლარები, ანუ სიმები (აბრეშუმისა) და აწყობისათვის, ძირითადად, ესაა საჭირო …" ჩონგური დღევანდელი ფანდურისაგან განირჩევა არა მარტო ტანის აგებულებით და სიმთა რაოდენობით (პირველს აქვს 4 სიმი, მეორეს 3), არამედ შესრულების წესითაც. ჩონგურზე დაკვრა "თითების აყრით" (ამოსმით) სწარმოებს, ფანდურისა კი "ხელჩამოკვრით (ჩამოსმით). ჩონგურის ლარი ცხვრის ნაწლავისაა. ნაწლავი ჯერ უნდა გაირეცხოს, შემდეგ ნედლად უნდა გაიჭიმოს სიგრძეზე, გაშრება მზეზე ორ-სამ დღეს. მერე გაუსვამენ ნიორს, როცა მოიხსნება, გორგლად უნდა დახვევა და ხმარობენ, როცა საჭირო იქნება. ფანდური და ჩონგური ყელიან-მუცლიანი სიმებიანი საკრავის ორ სხვადასხვა ფორმას წარმოადგენენ. ამაზე მეტყველებს პრინციპული მსგავსება მათ შორის, კერძოდ, მსგავსება კონსტრუქციის, ბგერის წარმოებისა და ფუნქციის მხრივ. ფანდურსა და ჩონგურს შორის მსგავსება კონსტრუქციის მხრივ მჟღავნდება პირველ რიგში გარეგნულ ფორმაში: ორივე საკრავი სიმებიანია, ორივეს გამობერილი მუცელი და ვიწრო ტარი აქვს. ბგერათწარმოების ხერხი ერთნაირი აქვთ – სიმებზე თითების ჩამოკვრა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხერხი ფანდურზე ერთადერთია, ხოლო ჩონგურზე – ძირითადი). ფანდურსა და ჩონგურს შორის მსგავსება მათი დანიშნულების მიხედვით გამოიხატება შემდეგში: 1) ორივე საკრავი ძირითადად სააკომპანემენტოა, სოლო ჰანგებს მასზე წარმოადგენენ მხოლოდ საცეკვაო მელოდიები; 2) ორივე საკრავი გამოიყენება ქალთა კოლექტიური შრომის დროს ("მჩეჩლობა" და "ნადი") და 3) ორივე საკრავი გამოიყენება უძველესი წარმოშობის წეს-ჩვეულებებში (მაგ. "ბატონების" კულტთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები). ეს არის ის ძირითადი ნიშნები, რითაც ფანდური და ჩონგური ემსგავსებიან ერთმანეთს. ამის საფუძველზე ვასკვნით, რომ ეს ორი საკრავი ადრე ერთი უნდა ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ფანდური და ჩონგური განვითარების სხვადასხვა ეტაპებს შეესაბამებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი მათგანი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების მქონე საკრავის განვითარების შედეგს წარმოადგენს. ამ ნიშნების მატარებლად დღესაც ფანდური გვევლინება და ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩონგური ფანდურიდან არის წარმოშობილი. ამგვარად, ჩონგური უნდა წარმოშობილიყო არა უგვიანეს XVII საუკუნისა სამ სიმიან ფანდურზე ზილის დართვით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ბარად, სამ სიმიან ფანდურს "ჩონგურს" ეძახიან, ხოლო მთის კუთხეებში – "ფანდურსაც" და "ჩონგურსაც". ამასთანავე, მთხრობელები აღნიშნავენ, რომ "ფანდური" ძველი სახელია და "ჩონგური" შემდეგ შერქმეული.
 
მრავალღერიანი სალამური: ლარჭემ-სოინარი
 
ქართული მრავალღერიანი სალამური გვხვდება დასავლეთ საქართველოს ორ კუთხეში: სამეგრელოსა (ლარჭემი) და გურიაში (სოინარი). ქართული მრავალღერიანი სალამური შედგება (აწყობილია) სხვადასხვა სიგრძის ექვსი მილისაგან. თვითოეული მილი გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ბგერას. მილები შეკრულია კანაფით და ხის ქერქით. მეგრულ ლარჭემსა და გურულ სოინარს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. გურული სოინარი უფრო მინიატურულია, მეგრული ლარჭემი შედარებით დიდია.  ყურადღებას იქცევს ლარჭემისა და სოინარის მილთა განლაგება. მილები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი მილები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ეს გამომუშავებული კონსტრუქციული ფორმა, დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაკანონებული. ასეთი კონსტრუქცია უაღრესად იშვიათია, თუ არ ვიტყვით, რომ ერთადერთია ყველა ცნობილ მრავალღერიან სალამურთა შორის, რომელთა მილები თანმიმდევრულად სიგრძის მიხედვით არის დალაგებული. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სოინარი შედგება ლერწმის ექვსი სალამურის ანუ ლულისაგან. პირველ ლერწმად უგრძესი ითვლება, რომელიც ყველაზე ბოხ ხმას გამოსცემს. მას გურიაში დიდი ბანი ჰქვია, ხოლო ეგრისში – მებანე. მეორე ლულად მის მარცხნივ მოთავსებული ლერწამი იწოდება. იგი პირველზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. გურიაში მას საშუალო და პატარა ბანი ჰქვია, სამეგრელოში კი მებანე. მესამე ლულას, პირველის მარჯვნივ მდებარეს, შევსებულ ლულას ეძახიან. ის მეორეზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. გურიაში მას მესამე ხმა ეწოდება და დამწყები ხმის მოვალეობას ასრულებს. მას კიდევ გიმაჭყაფური, ანუ გემაჭყაფალი ჰქვია სამეგრელოში. მეოთხე ლულად მეორის მარცხნივ მოთავსებულ ლულას თვლიან. იგი მესამეზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. მას გურიაში მეოთხე ხმაც ჰქვია და გადატანილიც, სამეგრელოში კი მეჭიფაში ეწოდება. ჭიფე მაღალ პირველ ხმას ნიშნავს, ამიტომ მეჭიფაში, რომელიც მებანის მსგავსად არის ნაწარმოები, მეწვრილეს უდრის, ე.ი. წვრილი ხმის გამომცემია. მეხუთე ლულა მესამის გვერდით არის მოთავსებული. მას გურიაში მეხუთე ხმას, ანუ მოძახილს უწოდებენ. ეგრისში  ამ ლერწამსაც გემაჭყაფალი, ე.ი. დამწყები ჰქვია. მეექვსე ლულა მარცხნივ განლაგებული უკანასკნელი ლერწამია. იგი ყველაზე მოკლეა და უწვრილეს ხმას გამოსცემს. გურიაში მას მეექვსე ხმას, ან კრიმანჭულს უწოდებენ. ზოგნი ამ მილსაც მოძახილს ეძახიან. სოინარის დამკვრელები პირველ გრძელ ლულას ბანად თვლიან და მთელი საკრავის ძირითად ლერწმად მიიჩნევენ. მესამე ლულა წყებაა, მეხუთე მოძახილი, მეექვსე კრიმანჭული. ლარჭემის (სოინარის) დიაპაზონია ტონ-ნახევარტონიანი. ჩაბერვა ხდება ერთდრულად ორ მილში. ასეთი ჩაბერვით მიიღება ტერციები. სოინარი შემსრულებელს უჭირავს ვერტიკალურად, (ბგერის გამოცემა ჩაბერვით ხდება). "დაკვრის წინ", სამეგრელოშიც და გურიაშიც საკრავის მილებს ნახევარი საათით წყლით შეავსებდნენ, რათა საკრავს სუფთა ბგერები ექნეს. როგორც ჩანს, ეს არის პროფილაქტიკური საშუალება იმისათვის, რომ მილები არ დაიბზაროს. ამის შემდეგ იგი წმიდა, მკაფიო ხმას გამოსცემდა. მრავალღერიან სალამურზე შემსრულებლებად გვევლინებიან მხოლოდ მამაკაცები. ლარჭემსა და სოინარზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. ქართული მრავალღერიანი სალამური ძირითადად დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან, ხოლო მისი გამოყენება ქორწილში, ხატობა-დღეობებში, გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს. სამეგრელოში ლარჭემი მწყემსების საკრავს წარმოადგენს. მწყემსები ლარჭემზე დაკვრით თავიანთ ჯოგს თავს უყრიდნენ.
სამეგრელოში არსებობს სამი სხვადასხვაგვარი ჰანგი, ერთი, რომლითაც ჯოგი მიჰყავთ საძოვარზე, მეორე, რომელსაც ასრულებენ დაბრუნებისას და მესამე, რომელსაც მწყემსი ასრულებს, როცა ჯოგს აძოვებს. მწყემსების თქმით, ამ ჰანგის დაკვრაზე ჯოგი უკეთესად ძოვს. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ლარჭემზე სხვადასხვა მწყემსური მელოდიები სრულდება, რომლებიც მწყემსის შრომის სხვადასხვა პროცესთანაა დაკავშირებული. ანალოგიური ფაქტები საქართველოს სხვა კუთხეებშიც დასტურდება. ლარჭემზე სამეგრელოში უკრავდნენ ქორწილებში, დღეობებში. გურიაში სოინარი წარმოადგენდა სასიგნალო საკრავს. ამ საკრავის ხმაზე იკრიბებოდნენ სხვადასხვა სოფლის მონადირეები, რომლებიც კვერნაზე სანადიროდ მიდიოდნენ. გურიაში ყოფილან სოინარზე ისეთი ოსტატი-შემსრულებლები, რომელთაც ბულბული შეჰყავდათ შეცდომაში. თურმე ბულბული გამოეპასუხებოდა მათ დაკვრის დროს. ჩასაბერი საკრავები, განსაკუთრებით ლერწმის სალამურები, სხვადასხვა ხალხში აღიარებულია მწყემსის ატრიბუტად. საკრავის ფორმის გამომუშავება დაკავშირებულია ორხმიანად შესრულების ტრადიციასთან, ხოლო ეს უკანასკნელი, განაპირობა დასავლეთ საქართველოს კუთხეებში გაბატონებულმა მრავალხმიანობის ფორმამ, კომპლექსურმა მრავალხმიანობამ.
სანკტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება 21 ღერიანი სალამური ლარჭემის სახელწოდებით (საინვენტარო ნრ. 5345-დ), რომლის მილები განლაგებულია სიგრძის მიხედვით. სოინარის დამზადება შთამომავლობით გადადიოდა გურიასა და სამეგრელოში. ამ საკრავის გაკეთებასა და დაკვრის ტექნიკას მამა-პაპანი ასწავლიდნენ შვილებს. ამ გზით ეს საკრავი დღემდე შემოინახა გურიასა და სამეგრელოში. ზოგჯერ რამდენიმე სოინარის (ორი, ოთხი) ხმას შეაუღლებდენენ. ოთხი ექვსლულიანი სოინარი ხშირად გამოიყენებოდა ქორწილში, ლხინსა და ცეკვა-თამაშის დროს. ლარჭემზე, დაირასა და სვანურ ჭიანურზე (ჭუნირ) ზოგჯერ ერთდროულად უკრავდნენ. სოფელ ჩქვალეთში დიდ ხუთშაბათს ხალხი წირვის შემდეგ კარდაკარ დადიოდა, მღეროდა და თან ლარჭემზე უკრავდა. ეს უკანასკნელი შეუღლებული იყო დაირასა და ხის ან სპილენძის საყვირთან. გურია-სამეგრელოში ლარჭემზე დამკვრელები ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს (ეს ჩვეულება ძველ საბერძნეთშიც მწყემსთა შორის იყო გავრცელებული) ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულად ის მუსიკოსი ითვლებოდა, რომელიც უფრო მეტ ხანს დაუკრავდა. ხშირად იმარჯვებდა ხოლმე პატარა სოინარზე დამკვრელი, ვინაიდან პატარა სოინარი ნაკლებ სუნთქვასა და მოძრაობას საჭიროებდა, რაც ფიზიკურად იოლად დასაძლევია.

 

Share

ვალუტის კურსი

ამინდი