Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მალთაყვა 
მალთაყვა – უბანი ქალაქ ფოთში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე ქ. ფოთის ცენტრიდან 4 კილომეტრის დაშორებით, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2–ს მონაკვეთზე, აღმოსავლეთით მას ესაზღვრება პალიასტომი, დასავლეთით შავი ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფელი მალთაყვა. მალთაყვა ზღვის დონიდან 0,5 მ-ის სიმაღლეზეა.

რელიეფის ძირითადი ფორმაა სანაპიროს გასწვრივ განვითარებული რელიქტური ქვიშიანი დიუნების ვიწრო ზოლი და მცირე კოლბოხოვანი მიკრო რელიეფი.
მალთაყვა გამოირჩევა ზღვის ნოტიო და თბილი ჰავით. ზამთარი ძლიერ რბილი და უთოვლო, იანვრის საშუალო ტემპერატურა +5, +7 გრადუსია, ზაფხული ძალზე თბილია, აგვისტოს საშუალო ტემპერატუა +23, +24 გრადუსია. ნალექები დიდი რაოდენობითაა მთელი წლის განმავლობაში და საშუალოდ 1660 მმ-ს შეადგენს, დამახასიათებელია მაღალი შეფარდებითი ტენიანობა 78%. ტერიტორიის გახსნილობის გამო ხშირია ქარები განსაკუთრებით ზამთარში.
მალთაყვა, გურიის ქუჩა
ბუნებრივი რესურსებიდან მალთაყვის ტერიტორიაზე ძირითადად გვხვდება ტორფის საბადოები, რომლის ექსპლუატაცია ამჟამად შეჩერებულია. ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ხელოვნურად გაშენებულ შერეულ ტყეს, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ვრცელდება ჭარბტენიანი კოლხური რელიქტური ტყეები, რომელიც კოლხეთის დაცულ ტერიტორიებში შედის.
კოლბოხოვან მიკრორელიეფზე გვხვდება ჭილიანი, ლაქაშიანი და ლელიანი ფრაგმენტები. ჭილიანები გავრცელებულია ისეთ ადგილებზე სადაც ძლიერია ზღვის წყლის გავლენა-სველ ქვიშნარებზე, ლაგუნებზე, არხების სანაპიროზე. იქ სადაც კოლბოხებს შორის დგას წყალი, უფრო განვითარებულია ლელიან-ლაქაშიანი ცენოზები.
ფაუნისტური წარმომადგენლებით მალთაყვა ღარიბია, განსაკუთრებით ძუძუმწოვრებით. ძირითადად აქ გვხვდება ამფიბიები, სამგიეროდ ზამთარში მალთაყვის ჭაობებს თავს აფარებს და იზამთრებს 190-მდე სახეობის მიმომფრენი და მოზამთრე ფრინველები. მათ შორის ბევრია წითელ წიგნში შეტანილი სახეობები: ხუჭუჭა ვარხვი, მეკლოე ბატი, ყივანა გედი, შაკი, ქარცი, ყანჩა.
პალიასტომის ტბაში ბინადრობს 15-მდე სახეობის სარეწაო თევზი.
მალთაყვა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. ზღვა, ქვიშიანი პლაჟი, დიდი ინსოლაცია და ჰაერში ზღვიური წარმოშობის ქიმიური მიკროელემენტების არსებობა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების და ნერვული სისიტემის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ. ასევე ტბის სანაპიროზე არის მცირე დებატიანი ჰირბოკარბონატული მინერალური წყალი.
 
Share

ვალუტის კურსი

ამინდი